Sunday, February 26, 2017

"Защитники" - ღირს ყურება?!



    Защитники - რუსული პასუხი ამერიკულ Avengers-ს, პირველი რუსული ფილმი სუპერგმირებზე, ფილმი რომელიც ისტორიაში შევა, ფილმი რომლითაც რუსეთი Hollywood-ს დაემსგავსება - აი ასეთი სათაურებით ვხედავდი ამ ფილმს იქამდე სანამ კინოთეატრებამდე მიაღწევდა, მაგრამ ახლა ყველაფერი შეიცვალა. ფილმის ჩანაფიქრი იყო ის რომ რუსებსაც ჰყოლოდათ სუპერგმირები, ის რომ როდესაც რუს ბავშვს შეეკითხებოდნენ რომელია შენი საყვარელი სუპერგმირიო არ ეთქვა Spider-Man-ი და რუსეთში შექმნილი სუპერგმირი დაესახელებინა. გეთანხმებით, ჩანაფიქრი კარგია, არც მე არ ვიტყოდი უარს ქართველებს რომ მოენდომებინათ და ასეთი ფილმი გადაეღოთ და მეტიც - მომეწონებოდა კიდეც ასეთი ფილმი ქართველებისგან, მაგრამ ამ ფილმში იმდენი ფული და დრო დაიხარჯა რომ ნამდვილად მეტს მოველოდი.




    და აი მოვიდა დრო რომ შევსულიყავი YouTube-ზე, შევედი და პირველმა რამაც ჩემი ყურადღება მიიქცია ეს იყო კომენტარი ფილმზე Защитники იგივე მცველები. ვუყურე ერთ ვიდეოს, ვუყურე მეორე ვიდეოს, ვუყურე მესამეს და რატომღაც ფილმს ყველა უარყოფითად აფასებდა, ვიფიქრე რომ უბრალოდ ეს ის ხალხია რომელთაც რუსული შემოქმედება არ მოსწონთ და გადავწყვიტე თავად მენახა ფილმი. ვინაიდან და რადგანაც საქართველოს კინოთეატრებში საბედნიეროდ ეს ფილმი არ გაუშვიათ გადავწყვიტე მენახა ინტერნეტში, ხარისხი არც თუ ისე კარგი იყო მაგრამ მაინც ვერ მოვითმინე და ვუყურე და დავრწმუნდი რომ ფილმი მართლაც ნაგავია!

    მოდი დავიწყოთ იმით რომ ფილმის გადასაღებად და დასამონტაჟებლად შემქმნელებს ზედმეტად დიდი ხანი დასჭირდათ, ჯერ კიდევ 2 წლის წინ იდო თიზერ თრეილერები ფილმისთვის. ამ ყველაფერს ისეთი ახსნა განმარტება მოუძებნეს რომ ფილმში იყო ჩადებული ცოტა თანხა სხვა იგივე ეფექტებით შემკულ ფილმებთან შედარებით, მაგრამ აქ უკვე ეფექტებზე აღარც არის საუბარი.




    ფილმში იყო ისეთი სცენები რომელსაც ახსნა განმარტებას ვერანაირად ვერ გამოუნახავდი, მაგალითად იყო ასეთი შემთხვევა როდესაც ერთ-ერთი პერსონაჟი დათვად გადაიქცა და ყველას თვალწინ შემოეხა ტანსაცმელი, ხოლო ისევ როდესაც ადამიანად გადაიქცა მას კვლავ ეცვა შარვალი, დაისმის კითხვა - როგორ?! შესაძლებელია რომელიმე პერსონაჟს შარვლების გაჩენის შესაძლებლობები აქვს, ამას მივყავართ კიდევ ერთ პრობლემასთან, იმასთან რომ პერსონაჟები ფილმში საერთოდ ვერ გაიხსნენ და მათი შესაძლებლობების მხოლოდ მცირე ნაწილი გავიგეთ.

    კიდევ ერთი და ასევე მნიშვნელოვანი პრობლემა იყო მთავარი ბოროტმოქმედი, რომელიც Bane-ის და იმ ბავშვის ნაჯვარს ჰგავდა პამპერსის რეკლამაში რომ "ეძრობა". უბრალოდ ვუყურებდი ბოროტმოქმედს რომელიც საზარელი და შიშის მომგვრელი უნდა ყოფილიყო და სიცილს ვერ ვიკავებდი. ფილმი ვერასდროს ვერ იქნება პასუხი Avengers-ზე რადგან ის თავად Avengers-ის რუსული პატენტია. 80% რაც ფილმში იყო სხვა ფილმებიდან იყო აღებული, თქვენი არ ვიცი მაგრამ მე პირადად უფრო ორიგინალურობას ველოდებოდი. ერთადერთი რაც ფილმის დადებით ნაწილად შეიძლება ჩაითვალოს ეს არის მუსიკა რომელიც ფილმის მსვლელობისას მიდის. შემქმნელებმა მიზნად დაისახეს სუპერგმირების შექმნა და საერთოდ არ ადარდებდათ სხვა არაფერი, სცენარი საერთოდ იმიტომ იყო დაწერილი რომ სცენარის ავტორს სხვა საქმე არ ჰქონდა. ფილმის ყველაზე დიდი პრობლემა სწორედ სცენარი იყო, თუ არა და როგორც ავღნიშნე იდეა კარგია.

    არ ვიცი ადევნებთ თუ არა რუსულ კინემატოგრაფიას და კომიქსებს თვალყურს, მაგრამ მე პირადად ამ ბოლო დროს ამ ყველაფერმა ძალიან ჩამითრია. ფაქტიურად რამდენიმე დღით ადრე ფილმ Защитники-ს გამოსვლამდე გამოვიდა სხვა რუსული სუპერგმირული ფილმი Майор Гром რომელიც ძალიან მომეწონა. ზემოთ ხსენებული ფილმისგან განსხვავებით ამას გააჩნდა საფუძველი, ის გამომცემლობა Bubble Comics-ის პერსონაჟის მიხედვით იყო გადაღებული და ასევე ამავე Bubble Comics-მა გადაიღო. ფილმი იმიტომ არ გახდა პოპულარული რომ ის მხოლოდ 25 წუთიანია და მის გადასაღებად მხოლოდ 1 მილიონი ამერიკული დოლარია გამეტებული. ეს უბრალოდ სატესტო ვერსიასავით იყო და მომავალში უკვე სრულმეტრაჟიანი ფილმის გადაღება იგეგმება მაგრამ ფილმ Майор Гром-ის 25 წუთი მერჩივნა Защитники-ს საათებს.
   
    ახლა კი პასუხი იმ კითხვაზე რომელიც ტექსტის სათაურში წერია - არა!

რეკლამა