Saturday, March 26, 2016

ჯონ სნოუ ცოცხალია?!


არც ისე დიდი ხნის წინ დაიდო თრეილერი სატელევიზიო სერიალისა "სამეფო კარის თამაშები" (Game of Thrones) და ასევე დადის უამრავი ჭორი იმის თაობაზე თუ რა გველის სერიალის მეექვსე სეზონში. აზრის გამოტანა ამ ყველაფრიდან არ იყო ადვილი მაგრამ ვნახოთ რისი თქმა შეგვიძლია სერიალზე.
  პირველ რიგში დავიწყოთ იმით რითიც დამთავრდა წინა სეზონი და დაიწყო ახალი სეზონის თრეილერი, დავიწყოთ ჯონ სნოუს სიკვდილით. ჯონ სნოუ სერიალის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟია და მისი სიკვდილი სერიალს არ აწყობს, მაგრამ ის "გდია" თოვლიან მიწაზე და სისხლისგან იცლება, მიუხედავად იმისა რომ იძახდნენ ჯონ სნოუ ცოცხალიაო ჩემი აზრით მან სამუდამოდ დაგვტოვა, ან შესაძლებელია რაიმე ისეთი მოხდეს რაც სნოუსაც გააცოცხლებს და სერიალსაც შეცვლის მთლიანად. ასევე თრეილერში იყო ნაჩვენები თუ როგორ წევს თვალებ დახუჭული ჯონ სნოუ მაგიდაზე, შესაძლებელია სიცივემ ჭრილობა გაუყინა და მან ბევრი სისხლი არ დაკარგა, რის შემდეგაც მოახერხეს მისი გადარჩენა, მაგრამ დამიჯერეთ ის სისხლი რაც მე ვნახე დაღვრილი ბევრი იყო.


ასევე კიდევ ერთი გასაოცარი რამ რაც სერიალის თრეილერში ვნახეთ ეს არის ბრან სტარკი, ბიჭუნა რომელიც ვეღარ დადიოდა, მაგრამ სამთვალა ყვავი მას დაჰპირდა რომ ის სიარულს კი არა ფრენას შეძლებს. თრეილერში ბრანი უკვე გაზრდილია და თმები კი მოკლე აქვს, თანაც იგი მოტრიალდება და დაინახავს თეთრ მოსიარულეს და ამის შემდეგ მას შიში საერთოდ არ ეტყობა, რა მოხდა ისეთი რის გამოც თეთრი მოსიარულეები საშიშები არ არიან? იქნებ ბრანს მიეცა ძალა რომ მართოს ისინი, ან პირიქით. ასეა თუ ისე ბრანი აღარ არის პატარა ბავშვი და თუ რამეა თავის თავს მიხედავს.


კიდევ ერთი სტარკი რომელიც მაგიასთან არის დაკავშირებული, ჯანდაბა ეს მაგია უკვე ნერვებს მიშლის, თითქოს ამას სამეფო კარის თამაშებზე კი არა ჰარი პოტერზე ვწერ. არია სტარკიც გაზრდილია შედარებით და მემგონი ის საბოლოოდ გახდა "არავინ". მაგრამ მან თავისი ხმალი დამალა ქვებში და არამგონია წარსულმა მოასვენოს. ასევე ვნახეთ სურათები სადაც არიას მუცელში ხმალი აქვს გაყრილი, ნეტავ რას უნდა ნიშნავდეს, შეიძლება კიდევ ერთი "არავინაა" რომელმაც არიას სახე გაიკეთა და მოკლეს. რას მოიმოქმედებს ახალგაზრდა სტარკი არ ვიცით, დაბრუნდება და ყველაფრისთვის შურს იძიებს თუ ახალ ცხოვრებას დაიწყებს და წარსულს დაივიწყებს.
 ვერ გამოვტოვებ იმ მომენტს როდესაც თრეილერში დავინახე სანსა სტარკი, კიდევ ერთი სტარკი რომელიც მკვდარი მეგონა, მაგრამ ის ცოცხალია და მშვენივრადაც გრძნობს თავს მას შემდეგ რაც მაღალი ციხესიმაგრის კედლიდან გადახტა. იძახიან რომ ის თავის ძველ, პატარა ვინთერფელში დაბრუნდება და მართვას დაიწყებს ვითომც არაფერიო. ნიშნავს თუ არა სანსას სიცოცხლე იმას რომ შესაძლოა სნოუც ცოცხალი იყოს? ამის გასაგებად აპრილს უნდა დაველოდოთ.

 ასევე უნდა აღინიშნოს ისიც რომ დაენერის ტარგარიანი ტყვედ ჰყავთ და არც მისი არმია და არც მისი დრაკონები საშველად არ მიდიან, ან მიდიან და ვერ პოულობენ, რადგან თრეილერში ვნახეთ თუ როგორ ცდილობს მის პოვნას მისი ერთგული მეომარი ჯორაჰ მორმონტი და ალბათ იპოვის კიდეც მაგრამ ჯერ კიდევ ადრეა. დრაკონებზე დიდი სცენა არ იყო მაგრამ ისინი ხომ დრაკონები არიან, ყველას უყვარს დრაკონები მიუხედავად იმისა რომ ხშირად ისინი ბოროტები არიან.

 თრეილერში იყო ნაჩვენები თუ როგორ ბრუნდება ჯეიმი ლანისტერი სახლში თავისი დაღუპული ქალიშვილით. სერსეი ლანისტერი კი ალბათ შურისძიებას მოითხოვს რაც ახალი ომის დასაბამი გახდება. ასევე ლანისტერებს არ ასვენებს მაღალი ბეღურა და როგორც ჩანს გიგანტური მეომარი გრეგორი ყველას ამოხოცავს.

თრეილერში იყო ერთი მომენტი სადაც გამოჩნდა უკვე დიდი ხანი თავმოჭრილი ედარდ სტარკი. რა თქმა უნდა ის ვერ გაცოცხლდებოდა და სავარაუდოდ ეს ფლეშბექი იყო მაგრამ მემგონი მაინც საინტერესო იქნება.

და უკანასკნელი რაზეც მინდა თქმა ეს არის თუ რა ბედი ეწევა ტირიონ ლანისტერს. თრეილერში ის ვნახეთ მიმავალი სიბნელეში, სავარაუდოდ სადმე გამოქვაბულში იყო, დაენერისის ძებნაში მაგრამ შესაძლოა ის სულაც არ გაყვა მორმონტს და ახლა ლორდ ვერისსთან ერთად არის. იმედი მაქვს ამ სეზონში გვაჩვენებენ თუ რა ჯანდაბაა ის ცეცხლი რომელსაც ყველა ეთაყვანება.

რეკლამა