Friday, November 11, 2016

"Kong: Skull Island" - პირველი შეხედვა King Kong-ზე



    ხალხს ძალიან უყვარს კლასიკური, ძველი ფილმები, მაგრამ ხანდახან ეს ფილმები საკმარისი არაა, ამ დროს საქმე მიდის ფილმის ახალ ვერსიასთან, განახლებასთან და ამჯერად ლაპარაკია King Kong-ის მორიგ რემეიკზე. საცოდავმა გიგანტურმა მაიმუნმა ბევრი რამ გამოიარა როგორც ამერიკულ ფილმებში ისე აზიურ პაროდიებში სადაც რობოტთან ჩხუბი და თავად Godzilla-სთანაც კი უწევდა ბრძოლა, სხვათაშორის Godzilla vs. Kong-ის გადაღებებზე ლაპარაკი მიდის მაგრამ ჯერ დაზუსტებით არ ვიცით რომ ეს ფილმი გამოვა, თანაც ეგ სულ სხვა საკითხია და ასე რომ მივუბრუნდეთ ისევ King Kong-ს. როგორც უკვე ვიცით გამოდის კიდევ ერთი Kong და სწორედ Kong, არა King Kong, ალბათ შემქმნელებმა გადაწყვიტეს რომ იმ სახელის დარქმევა რომელიც ყველამ იცის საინტერესო არ იქნებოდა და ჩემი აზრით მართლებიც იყვნენ, მაგრამ მაინც ადვილია მიხვდე თუ რაზეა ლაპარაკი. ფილმის თრეილერი ინტერნეტში ჯერ კიდევ SDCC-დან დევს, მაგრამ თავად მთავარი გმირი, გიგანტური მაიმუნი არ გვყავდა ნანახი, მხოლოდ მისი თვალები და ისიც ჩრდილში და რამდენიმე დღის წინ Entertainment Weekly-მ Twitter-ზე დადო სურათი სადაც კინგ კონგი გარკვევით ჩანს და ვფიქრობ საკმაოდ საშიშადაც გამოიყურება იმის გათვალისწინებით რომ წინა კინგ კონგზე აშკარად გაცილებით დიდია.




    როგორც რეჟისორმა Jordan Vogt-Roberts-მა თქვა ახალი კონგი ძალიან ემსგავსება 1933 წლის ვერსიას სადაც გამართულად იდგა 2 ფეხზე. ფილმის სიუჟეტი ნამდვილად საინტერესო იქნება და როგორც უკვე სათაურიდანაც ვხვდებით ძირითადად მოქმედება მოხდება "თავის ქალის კუნძულზე". ფილმის მთავარი გმირების -  ფოტოჟურნალისტ Weaver-ის და ბრიტანული სპეციალური საჰაერო სამსახურის ოფიცერ და კაპიტან James Conrad-ის როლებს Brie Larson და Tom Hiddleston შეასრულებენ. ფილმში ასევე მონაწილეობს Samuel L. Jackson-ი. მოკლედ ნახევარი Marvel-ის სამყარო  ერთ ფილმში.

    ფილმის პრემიერა შედგება 2017 წლის 10 მარტს, მანამდე კი ველოდებით მორიგ სეახლეებს.

რეკლამა