Sunday, March 12, 2017

განხილვა : Samurai Jack-ის ახალი სეზონის 1-ლი ეპიზოდი

        როგორც შევამჩნიე, Venatus-ის მკითხველების დიდი რაოდენობა ბავშვობაში, ჩემსავით, Cartoon Network-ს უყურებდა. ყველას გვახსოვს ის ლეგენდარული, უმაღლესი ხარისხის ანიმაციური სერიალები, როგორებიცაა : Johnny Bravo, Dexter's Laboratory, Cow & Chicken და მეტი. ასევე ხარისხიანი და სერიოზული ტონით გამორჩეული იყო Samurai Jack.
        თუმცა ტონი ერთადერთი რამ არ იყო, რითაც ეს ანიმაცია გამოირჩეოდა. სხვა სერიალებისგან განსხვავებით, აქ ქრონოლოგიურ თანმიმდევრობას მნიშვნელობა ჰქონდა - პერსონაჟი ვითარდებოდა, სამყარო ვითარდებოდა და მოვლენები წინ მიიწევდა.
         გავიდა ოთხი სეზონი და დადგა სერიის დასასრულის ჟამი. შეინარჩუნა თუ არა გენდი ტარტაკოვსკიმ თავისი უნარი და ენერგია? ყველაფერს ქვემოთ გაიგებთ.

ჯეკმა ახალი იარაღები კი აითვისა,
მაგრამ ხარისხი თუ შეინარჩუნა?

         მოგცემთ მეხუთე სეზონის ოფიციალურ მიმოხილვას : უკვე 50 წელი გავიდა ბოლო ეპიზოდიდან და ჯეკმა აქუ მაინც ვერ დაამარცხა. აგრეთვე, ჯეკს უცნაური რამ სჭირს - ის ვეღარ ბერდება, დროში მოგზაურობის ეფექტების გამო. პარალელურად, მას დასდევს ქალ-მეომართა კულტი, რომელსაც მისი განადგურება სურს.
         მე ვეცდები ამ ახალი ეპიზოდის რაც შეიძლება უსპოილეროდ ახსნას - ვისაუბრებ შედარებით ზოგადად/აბსტრაქტულად და ვეცდები კონკრეტული დეტალები გამოვტოვო.
         50-წლიანი წარუმატებლობის შემდეგ სამურაი ჯეკმა ფარ-ხმალი დაყარა. ბოლო პერიოდის განმავლობაში ის აშკარად არ ცდილობდა თავისი მიზნისკენ სვლას, არამედ უბრალოდ თავის "გატანას" და დროდადრო სხვების დაცვას აქუს ბოროტებისგან. თუმცა ეს მას არ აკმაყოფილებს - ის მაინც გრძნობს, რომ სამყაროში მას საკმარისი ცვლილება არ შეაქვს, უბრალოდ ქვებს გაისვრის მდინარეში და არ ცვლის მის მიმართულებას. დამარცხების შედეგად სინდისი ქენჯნის და ხილვებიც კი აქვს, რაც ალბათ ჯარისკაცებისთვის იმ ხშირ, ომის-შემდგომ PTSD-ს შეგახსენებთ. ის ამ ხილვებს თავიდან ვეღარ იგდებს, დროდადრო კი თავის თავსაც ესაუბრება.

ჯეკის ახალი სახე - სულიერად დამარცხებული,
მორალურად განადგურებული.

         ჯეკის ასეთი მიდგომასთან კონტრასტში, აქუ და მისი მომხრეები აშკარად ბევრ რამეს გეგმავდნენ. პირველი სერიის განმავლობაში იხილავთ უახლეს მტრებზე ფოკუსირებულ კადრებსაც. ეს არის ერთ-ერთი კულტი, რომელიც აქუს აღმერთებს და მისთვის ქალ-მებრძოლებს ზრდის. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ აქუს სისასტიკე და სიბოროტე ყველაზე მეტად ამ კადრების დროს შევიგრძენი. ეს შესაძლოა იყვნენ ჯეკისთვის ყველაზე ძლიერი ოპონენტები. გახსოვდეთ - ჯეკი შეიძლება არ ბერდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ იგი უკვდავია.
          ჩემდა გასაკვირად, სერიის აუდიო-ვიზუალური მხარე და ბრძოლის ქორეოგრაფია ძალიან კარგადაა შენარჩუნებული - ბრძოლები იმავე, ჩვეული მანერით ვითარდება, ხელოვნური სტილი იგივეა (თუმცა ტექნიკური წინსვლის მეშვეობით ბევრად უკეთესად გამოიყურება) და ხმებიც. გელით ასევე ახალი ინტრო.
          +18 კონტენტს რაც შეეხება - ჯეკის პირველ ეპიზოდში თქვენ არ ნახავთ R-რეიტინგის სისტემატიურად "ამომწურავ" გამოყენებას (მაგალითად, Deadpool-ისგან განსხვავებით) - ამასთან მიმართებაში პირველი ეპიზოდი შედარებით თავშეკავებულია, თუმცა...როდესაც ყურადღება იმ ზემოთხსენებულ კულტზე გადადის, არის ერთი სცენა მათ "წარმომავლობასთან" დაკავშირებით, რომელმაც *შესაძლოა* ოდნავ უხერხულად ჩაგაგდოთ.


           შეჯამება და საბოლოო შეფასება : რა ვიფიქრე პირველი ეპიზოდის ყურებისას? მინდა გითხრათ - ნამდვილად მომეწონა. ანიმაცია ლამაზია, ხმები სასიამოვნოა მოსასმენად, დეპრესიული და დაღონებული ჯეკის გაცნობით დავინტერესდი, ეპიზოდი კი საკმაოდ ეფექტური "Cliffhanger"-ით დამთავრდა და უკვე გაგრძელებას მინდა  ვუყურო. იმედები მაქვს, რომ ძველი პერსონაჟების დაბრუნებასაც ვიხილავთ რაიმე ფორმით.
           ერთადერთი "მინუსი" ჩემთვის პირადად ის იყო, რომ მინდოდა ეპიზოდი უფრო გრძელი ყოფილიყო, თუმცა ეს ალბათ იმის გამოა, რომ მისი ყურებისას დროის შეგრძნება დავკარგე - დიახ, ამის ყურება ნამდვილად ღირს. ვგრძნობ, რომ წინ კიდევ კარგი ეპიზოდები მელის.
           ჩემი დადებითი განწყობის მიუხედავად, პირადად გირჩევთ მოლოდინები ძალიან არ აიმაღლოთ - იქნებ სულ სხვა რამეს მოელით. უბრალოდ მოგვიანებით იმედი რომ არ გაგიცრუვდეთ. ამის ყურებისას უნდა ისიამოვნოთ - ბოლოს და ბოლოს, ჩვენ ერთ-ერთი ლეგენდარული სერიის დასასრულს ვუახლოვდებით. ამიტომაც არ გამოტოვოთ და დრო  აუცილებლად გამოუნახეთ!

      
       

რეკლამა